ელენე ხოშტარია - კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც „ქართული ოცნება“ დარტყმას აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს
დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხოშტარიას თქმით, ამ შემთხვევაში სამიზნედ ამოღებულია ტელეკომპანია „ფორმულა“.
„ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც აგრძელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ შემთხვევაში სამიზნედ არის ამოღებული „ფორმულა“. ამიტომ, პირველ რიგში, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო „ფორმულას“ და ყველა ჟურნალისტს. ეს არის საკითხი, რომელიც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია მოხვედრილი, როგორც საკითხი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ჩვენს დემოკრატიას. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც „ქართული ოცნება“ დარტყმას აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.