ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას მიმართავს - გადავდოთ გვერდზე რაღაც უსიამოვნო მომენტები, ბოლომდე შევასრულოთ 8 მარტის შეთანხმება და არჩევნებში, სამართლიან ბრძოლაში შევეჯიბროთ ერთმანეთს
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში გამოჩენილი ძალისხმევისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
ამასთან, ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, რომ სამწუხაროა, კრიზისის პერიოდში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა რთული გადაწყვეტილებები მიიღებოდა, მთავრობის წევრები პარლამენტში არ მივიდნენ.
„მოდით, დავიწყოთ მადლობით. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გამოვხატავ მადლობას ყველას მიმართ იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო ამ კრიზისულ სიტუაციაში. ამასთანავე, ბატონო გიორგი, ძალიან სამწუხაროა, რომ კრიზისის პერიოდში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც მიიღებოდა რთული გადაწყვეტილებები, თქვენ, მთავრობის წევრები არ მობრძანდებოდით პარლამენტში, რადგან აბსოლუტურად ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტი იყო ეპიცენტრი, მათ შორის კამათის, ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეჯერების, მათ შორის შეიძლება, კითხვებიც ნაკლები ყოფილიყო გარკვეულ ღონისძიებებზე, თუ ეს იქნებოდა თუნდაც ცხარე კამათის ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა პარლამენტის როლი, ამ ინსტიტუტის როლი და ეს სამწუხაროა. ჩვენ შეგვეძლო ამ კრიზისის დროს სწორედ ეს ტესტი გაგვევლო და პირიქით, გაგვეძლიერებინა და მეტიც, კონსოლიდაციის საშუალებასაც მეტს მოგვცემდა ეს, რაც ნამდვილად აუცილებელია კრიზისის დროს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მან მთავრობას რამდენიმე კითხვითაც მიმართა.
„პირველი – ახალგორიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს მეკითხა, გზასთან დაკავშირებით რა პერსპექტივა არის, ახლა სხდომის დროს დარეკეს და იქნებ, ამასთან დაკავშირებით გვითხრათ.
მეორე არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდის შემთხვევების აღრიცხვის საკითხი. აბსოლუტურად მესმის, რომ ტექნიკურად ეს შეუძლებელია, მაგრამ რჩევის სახით მინდა გითხრათ, ეგებ გაგვეკეთებინა სტატისტიკაში მინიშნება, არ გვაქვს ინფორმაცია იმიტომ, რომ ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. რომ არ იყოს სურათი, რომ გამოტოვებულია საერთოდ ეს ორი ტერიტორია.
მესამე საკითხი – ბატონო გიორგი, ერთი წელი გადის უკვე 20 ივნისის შემდეგ და ამ დარბაზში მე რამდენიმე თვის წინ დაგისვით მაკო გომურის კითხვა, რომელიც კითხულობდა, ვინ დააზიანა ეს ადამიანი, ვინ ამოთხარა მას თვალი. სამწუხაროდ, თქვენ მაშინ ძალიან ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებთ მაკო გომურთან ურთიერთობას.
თუმცა აქ, ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის საუბარი თქვენს ურთიერთობაზე ვინმესთან, აქ არის საუბარი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე კონკრეტული დაზარალებული ადამიანების მიმართ, რომელთა ნაწილიც გუშინ საერთოდ არ ცნეს დაზარალებულად. ეს კითხვები ვერსად ვერ გაქრება და აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ პასუხები.
და ბოლოს, მინდა მოგმართოთ ასევე 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე და ყველანაირი ნიშნის მოგების, თუ რაღაცის გარეშე, უბრალოდ მოგმართოთ, რომ გიორგი რურუას გამოშვება, პოლიტპატიმრების გამოშვება, ნორმალიზება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო ფასი აქვს და ძალიან დიდი ფასი აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის, დემოკრატიის გამყარებისთვის და მშვიდობისთვის ამ ქვეყანაში. ამიტომ მოგმართავთ, რომ გადავდოთ გვერდზე რაღაც უსიამოვნო მომენტები, ბოლომდე შევასრულოთ ეს შეთანხმება და სამართლიან ბრძოლაში შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მთავრობის მეთაური მოგვიანებით დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.