ელენე ხოშტარია - დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს და ხვალ არასრულწლოვნებს დაკითხავს
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია დღეს და ხვალ არასრულწლოვნებს დაკითხავს.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ორ დღეში კომისიის სამკაციანი ჯგუფი სამ არასრულწლოვან მოწმეს დაკითხავს.
„გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანთა კოდექსი ამ გამოკითხვის დახურულობას უზრუნველყოფს, კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ეს გამოკითხვები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს, რადგან გამოკითხვა იმ გარემოში ბავშვებისთვის დამატებითი სტრესი იქნება. ჩვენ გადავწყვიტეთ გარემოც და გამოკითხვის ფორმაც ისეთი იყოს, რომ ბავშვების ნაკლებად სტრესულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. შესაბამისად, გამოკითხვა სპეციალიზებული ფსიქოლოგის მიერ ისეთ გარემოში ჩატარდება, რომელიც ერთი მხრივ, ინფორმაციის სანდოობას და მეორე მხრივ, არასრულწლოვან ბავშვებზე მინიმალურ სტრესს უზრუნველყოფს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.