ელენე ხოშტარია - დღეს ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერობა
ელენე ხოშტარია - დღეს ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერობა

ჩვენ ხალხმა მოგვცა ხმა, ხმის მოცემა არის არა პრივილეგია და მთავრობაში მოსვლა, არამედ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საჭირო იყო კონსულტაციები ოპოზიციიის წარმომადგენლებს შორის, ასევე პრეზიდენტთან.

„პირველ რიგში, მინდა, საზოგადოებას გულწრფელად ვუთხრა, რომ ის საათები, რომლებიც მათ ემოციურ პერიოდში გაატარეს ამ ძალიან უხეშად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, არ იფიქრონ, რომ ჩვენ ან დაბნეულები ვიყავით, ან არ ვემზადებოდით. აუცილებელი იყო ინტენსიური კონსულტაციები. ღამიდან დაწყებული გვქონოდა კონსულტაციები როგორც პარტიებთან, ასევე პრეზიდენტთან. შედეგად, ჩვენ დღეს ვნახეთ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერობა ამ პროცესში, გაერთიანება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ხალხმა მოგვცა ხმა და ხმის მოცემა არის არა პრივილეგია და რაღაც მთავრობაში მოსვლა, არამედ არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა მოქმედების და ამ მანდატის განხორციელების. ეს მანდატი არის, დავიცვათ ევროპა იმ ფორმით, რა მდგომარეობაშიც ვართ. ხვალ ამას სჭირდება, როგორც პრეზიდენტმა თქვა, გამოსვლა, დემონსტრირება ხალხის პოზიციის, რომ დიახ, ეს არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია და ამის ლეგიტიმაცია არ არსებობს. ზუსტად ასეთივე ერთობით, ასეთივე მიდგომით, საერთო მუშაობით ჩვენ გვექნება ყველა შემდგომი ნაბიჯი, რომ მივიდეთ ბოლომდე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.