ელენე ხოშტარია - ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, პროტესტი არის და იქნება
ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, პროტესტი არის და იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას და ირაკლი შოთაძისთვის კითხვის დასმას არავინ აპირებს.
„შოთაძე არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემსრულებელი. მთელი ჩამონათვალია – ე.წ. ციანიდის საქმიდან დაწყებული, რაც კი ბინძური საქმე არსებობს, ყველაფერი მისი ხელით გაკეთებულა. ამ ყველაფრის თავი, რა თქმა უნდა, ივანიშვილია. მას შეეძლო სხვა თოჯინაც მოენახა. მაგრამ არა, ის ხაზგასმით ამბობს, დაანონსებულ მეორედ მოსვლას ამ სახით აკეთებს. მეორედ ვისაც მინდა მოვიყვან, ყველაზე მორჩილ და მონა ადამიანებს. ამით შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საზოგადოებას. ეს რეპრესიების ანონსია, რეპრესიების გაძლიერება. როდესაც საუბრობენ ხოლმე თალაკვაძე და მისი მეორე ფლანგის მონები, რომ ჩვენ გვინდა დიალოგი და ამ დროს შოთაძეს ყველა ბინძური საქმის შემსრულებელს ნიშნავ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არა დიალოგი, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფა და მიტაცება გინდა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.