ელენე ხოშტარია - ცესკო-ს თავმჯდომარესთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და შემდეგ, თუ იქნება ეჭვი, პლანშეტით
მივაღწიეთ შეთანხმებას, ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, თუ იქნება ეჭვი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, სადაც ის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ნინო გოგუაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„გაუგებარია საერთოდ, რატომ დასჭირდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა იმ ელემენტარულ რამეს, რომ ყველა ადამიანი იყოს გადამოწმებული, არის თუ არა სიაში ამ უბანზე. გაუგებარია აქ ბარიერები რატომ შეგვიქმნეს. ჩემი აზრით, უსაგნო კამათის შემდეგ, რომელიც კანონით უკვე რეგულირდება, მივაღწიეთ შეთანხმებას და ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, თუ იქნება ეჭვი. წარმოუდგენელია, რომ ამას სჭირდებოდეს ნახევარი დღე და ცესკო-სთან მოსვლა და კიდევ რაღაც ბარიერების გადალახვა. ეს არის კანონი და ყველა უნდა შეეჩვიოს ყველა მთავრობის პირობებში, რომ ცესკო ასრულებს კანონს და არა რაღაც პარტიულ ინსტრუქციებს”,- განაცხადა ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ნინო გოგუაძესთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას დილიდან ითხოვდა. ხოშტარიას თქმით, საარჩევნო უბნებზე არ ხდება ნაკადის მომწესრიგებლების მხრიდან ამომრჩევლების პლანშეტებით შემოწმება, რაც კანონდარღვევაა.