ელენე ხოშტარია - ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ დაიწყო დილიდან კანონდარღვევით საარჩევნო პროცესი
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ნინო გოგუაძესთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობს. მიუხედევად იმისა, რომ ისინი შენობაში შეუშვეს, როგორც თავად აცხადებენ, არ იციან, იმყოფება თუ არა შენობაში თამარ ჟვანია.
მათ დროებით შენობა დატოვეს და მედიასთან კომენტარების შემდეგ ისევ შებრუნდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო უბნებზე არ ხდება ნაკადის მომწესრიგებლების მხრიდან ამომრჩევლების პლანშეტებში შემოწმება, რაც არის კანონდარღვევა.
„ყველაზე უფრო საინტერესოა, რომ შევედით მდივანი ვერ გვეუბნება საერთოდ, შენობაში არის თუ არ არის ჟვანია, თუ უარს ამბობს შეხვედრაზე.
გასაგებ პასუხს ვერ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, შეშინებულია, სადღაც იმალება, მაგრამ პირობას ვაძლევ, მოუწევს ჩვენთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების გაცემა, რატომ დაიწყო დილიდან კანონდარღვევით საარჩევნო პროცესი. ვერსად ვერ გაიქცევა, ვერ დაიმალება. სადაც ახლა არის, შეატყობინონ და უთხრან, რომ სწრაფად მოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. ჩვენ დავრჩებით მის ოთახთან”, – განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ თამარ ჟვანიასთან შეხვედრაზე ჟურნალისტების დასწრებაც მოითხოვა.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.