ელენე ხოშტარია - ბევრი განსხვავებისა და პრობლემის მიუხედავად, ოპოზიციამ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება შეძლო
„ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციამ ბევრი პრობლემის მიუხედავად, საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება მოახერხა.
ხოშტარიას განმარტებით, საერთო სტრატეგია არის სხვადასხვა ოლქში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა.
„ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ბევრი განსხვავების, ბევრი პრობლემის მიუხედავად, შეძლო საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება და ეს საერთო სტრატეგია არის სწორედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა სხვადასხვა ოლქში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მე მგონია, რომ სწორედ ამ გზით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“.
რა თქმა უნდა, წინ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, „ქართული ოცნებისგან“ არაფერია გამორიცხული, მათ არ შეასრულეს 8 მარტის შეთანხმება, ეს ფაქტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ცოტა განსხვავებული ტაქტიკა ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანობაში ოპოზიციამ კოორდინაცია მოახერხა.
„შესაძლოა, იყოს ერთი-ორი ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც ცოტა სხვა წარმოდგენა აქვს ტაქტიკაზე, მაგრამ მთლიანობაში, შეთანხმება შემდგარია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველო“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ელენე ხოშტარიას, შალვა შავგულიძის, გიორგი ვაშაძისა და შალვა ნათელაშვილის კანდიდატურებს სთავაზობს.