ელენე ხოშტარია - ბახტაძისა და გახარიას ყოველი გამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფაა
ბახტაძისა და გახარიას ყოველი გამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადგან ამდენი ადამიანი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ზეპარტიულ აქციაზე მეცხრე დღეა, გახარიას გათავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„გახარია არის პასუხისმგებელი თვალების დათხრასა და სისხლის დაღვრაზე. რაც უფრო დიდი ხანი ვერ გაიგებენ ამას და ეცდებიან, საზოგადოებრივი აქცია აქციონ პარტიულ აქციად ან რაც უფრო დიდი ხანი გაექცევიან პასუხისმგებლობას, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მთელი აქცენტი ნიკა მელიაზე აქვს.
„ვნახეთ აბსოლუტურად სამარცხვინო პროცესი პარლამენტში, ამას სამართალთან არაფერი არ ჰქონდა. ახლა კიდე რაღაც გზებს ეძებენ, რომ ის შეზღუდონ. ნუ შეეცდებიან ეს ყველაფერი მელიაზე, უგულავასა და რომელიმე პარტიაზე გადაიყვანონ, რადგან ეს პროტესტი არ არის კავშირში ცალკე აღებულ არც ერთ პარტიაზე, ეს არის საზოგადოებრივი პროტესტი. არ უშველით მათ ასეთი ტიპის უსუსურობის დემონსტრირება, როდესაც აბსოლუტურად კანონის ავლით აკეთებენ რაღაცებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.