ელენე ხოშტარია - არც ერთ ხელისუფლებას არ გასდის ადამიანის ღირსებასთან შეხება, ეს იყო მთავარი სიგნალი საპრეზიდენტო არჩევნებზე
არც ერთ ხელისუფლებას ამ საზოგადოებაში ადამიანის ღირსებასთან შეხება არ გასდის, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების გზავნილი.
„ეს არის დრო, როდესაც ყველამ ძალიან სწორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ არც ერთ ხელისუფლებას ამ საზოგადოებაში არ გასდის ადამიანის ღირსებასთან შეხება. ეს იყო მთავარი სიგნალი ამ არჩევნებზე. როდესაც ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ არ შეიძლება გადაუარო სარალიძეს და არ შეიძლება არ დასაჯო, ვინც დასასჯელია. როდესაც ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ ძალაუფლების ასეთი უკონტროლო კონცენტრაცია, რომელმაც წარმოშვა დაუსჯელი ფარცხალაძეები თუ მირზა სუბელიანები, ამას საზოგადოება არ მოითმენს. როდესაც ხელისუფლება პრობლემებზე კი არ დაფიქრდა, როგორ უჭირს ადამიანებს, არამედ თქვა, რომ გამორთეთ ტელევიზორი და ა. შ. ეს პასუხი მიიღო დღეს ხელისუფლებამ და მე ვფიქრობ, ეს ყველა ხელისუფლებისთვის, მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის არის ძალიან კარგი, ძალიან ჯანსაღი. ქართულმა საზოგადოებამ ეს გაკვეთილი ჩვენ კიდევ ერთხელ გვასწავლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატის განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფების, ყველას ამოცანაა, საზოგადოების დაკვეთას დაეწიოს.
„ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელიც ქართველი ხალხის ნების პატივისცემით უნდა ჩატარდეს, ისე, როგორც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. პარტიულად ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი, რაც გვინდოდა, ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი მესამე ადგილით, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე.