ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მინისტრების ქება ნამდვილად არის სამწუხარო ანალოგია წარსულთან
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, სადაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, წარსულის სამწუხარო ანალოგები ახსენდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიამ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.
„მინდა, უმრავლესობის წევრებს მივმართო, გაგიკვირდებათ და მეც გამახსენდა წარსული და ანალოგიები, ოღონდ იცით, რა მომენტში? ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს როცა ეუბნება – თქვენ ასეთო კარგო, თქვენი კიდევ უფრო გაკარგების პოტენციალი რამხელა არისო. ასე რომ უსვამს კითხვას და მერე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც რომ ეუბნება – ასეთი კარგი და დახვეწილი რომ ხართ, კიდევ უფრო უკარგესი და უდახვეწილესი როდის იქნებითო. ეს არის ნამდვილად სამწუხარო ანალოგია წარსულთან“, – განაცხადა ხოშტარიამ.
დეპუტატის თქმით, რეალურად, შინაგან საქმეთა მინისტრს შეუზღუდავი უფლება მიეცა, აირჩიოს რომელ ფორმატში ურჩევნია საკანონმდებლო ორგანოში მისვლა. მან რეგლამენთან და მინისტრის პარლამენტში მისვლის ფორმატთან დაკავშირებით პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს მიმართა.
„ჩვენ რეალურად, შინაგან საქმეთა მინისტრს მივეცით შეუზღუდავი უფლება, აირჩიოს რომელ ფორმატში ურჩევნია მოსვლა. ყველანაირი დამუნათების გარეშე, რატომ ვწერთ ამ რეგლამენტში, რომ არსებობს საკომიტეტო მოსმენა, თავისი ინტერაქციის საშუალებით, სხვა ფორმით კითხვების დასმით და რატომ არსებობს პლენარული მოსმენა, თუ მერე სიმწვავიდან გამომდინარე, კომფორტიდან გამომდინარე, თქვენ როგორ გინდათ, მაინც მინისტრი ირჩევს პლენარულზე მოვიდეს თუ კომიტეტზე. ეს მართლაც სერიზოული საკითხია, თუ გვინდა, ყველამ ერთად ვიამაყოთ პარლამენტის ინსტიტუტითა და რეალურად ანგარიშვალდებულებით“, – განაცხადა ხოშტარიამ.