ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, საახალწლო სპეცოპერაცია ჩაეტარებინა და სასამართლო მთლიანად ხელში ჩაეგდო
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, საახალწლო სპეცოპერაცია ჩაეტარებინა და სასამართლო მთლიანად ხელში ჩაეგდო

ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების კონსოლიდირებული პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება ვერ მოახერხა, რათა ყველანაირი კანონდარღვევით სასამართლო მთლიანად ხელში ჩაეგდო.

ჟურნალისტებთან საუბარში ელენე ხოშტარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არანაირი მანიპულაციის საშუალება არ უნდა მიეცეს.

„რეალურ პროცესში უნდა შევიდეთ, სადაც რეალურად კანდიდატების შესწავლა მოხდება, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით და მათი გამოცდილებით. ისეთი რეალური პროცესი უნდა წარიმართოს, როგორც ამერიკაში ხდება კანდიდატების გამოკითხვისას. მსჯელობა უნდა იყოს, იმსახურებენ თუ არა კანდიდატები მოსამართლეობას.

ეს ადამიანები არიან ხელისუფლების მხრიდან დანიშნული ჩინჩალაძის კლანის წევრები, თანაშემწეები, თუ მათი მსახურები. მათი გამონათქვამები მეტყველებს იმაზე, რომ საღ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. შეურაცხყოფაზე გადადიან და ყველაფერ იმას ასახიერებენ, რასაც მოსამართლე არ უნდა აკეთებდეს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს, ისინი პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ.