ელდარ ბაირამოვი - აზერბაიჯანი მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა განხორციელდეს არსებითი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით
ელდარ ბაირამოვი - აზერბაიჯანი მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა განხორციელდეს არსებითი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით

აზერბაიჯანი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, რათა განხორციელდეს არსებითი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმოკლეს ვადებში აპირებენ, წარადგინონ არსებითი მოლაპარაკებების გეგმა.

„გუშინ გავრცელდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება, სადაც მას დაუსვეს შეკითხვა, როდის ისურვებდა აზერბაიჯანი არსებითი მოლაპარაკებების დაწყებას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მზად ვართ, მიუხედავად ლოკაციისა, ახლავე დავიწყოთ ასეთი მოლაპარაკებები. როგორც იცით, საქართველო, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მხრიდან აგრესიის განხორციელებისთანავე, 27 სექტემბრის შემდგომ, პირველსავე კომენტარებში გამოვიდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის გაძლიერების მხარდაჭერით. ახლა, როგორც იცით, თანათავმჯდომარეები გამოვიდნენ კომენტარებით, რომ უმოკლეს ვადებში აპირებენ, წარადგინონ ამ არსებითი მოლაპარაკებების გეგმა. როგორც მესმის, ქართული მხარე გამოდიოდა ამ დამკვიდრებული ფორმატის მხარდამჭერი პოზიციით. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, რომ ეს არსებითი მოლაპარაკებები დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს ჩვენი მოთხოვნაც არის, რომ პროცესი არ გადაიდოს. იმისთვის, რომ გავიდეთ რეალურ და მდგრად რეგულირებაზე უმოკლეს დროში, უნდა იყოს მიღებული ყველა ზომა, რათა არა უბრალოდ დაიწყოს, არამედ განხორციელდეს არსებითი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, ვინაიდან, თუ ეს არსებითი მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლი ჯერ კიდევ არავის გაუუქმებია“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.