ელჩების სამუშაო ჯგუფი გენდერული თანასწორობის კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თბილისში აკრედიტებული უცხოელი ელჩები აცხადებენ, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალთა სავალდებულო კვოტირების შესახებ კანონპროექტი დროულია.
კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება, სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა, რის შემდეგაც ის პარლამენტის ბიურომ უნდა დაამტკიცოს, სანამ პარლამენტში დადგება კენჭისყრაზე.
„მხედველობაში ვიღებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც საქართველოს 37 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი და რომელიც მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებში ყველა დონეზე და დაეხმარება საქართველოს, რომ ქალთა ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდეს პოლიტიკურ დისკურსში“, – ნათქვამია ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა დროულია, რადგანაც ის ევროკავშირი-საქართველოს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიზნების მიღწევის საშუალებას წარმოადგენს და სხვა წარმატებულ რეფორმებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებში ქალთა საშუალო რაოდენობასთან აახლოვებს (30.4%).
უცხოელმა დიპლომატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანთან და ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის გაერო-ს კომიტეტის რეკომენდაციებთან ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ.
„გვაქვს რა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკანონმდებლო ინიციატივა 2017 წლის მესამე კვარტალში სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო, კიდევ ერთხელ ვუსვამტ ხაზს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვის მნიშვნელობას და მოუთმენლად ველით საქართველოს პარლამენტში ამ მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.