ელჩების კონფერენციის პირველი პანელი სამინისტროს საქმიანობის შეფასებასა და ახალი ინიციატივების განხილვას დაეთმო
საქართველოს პარლამენტის შენობაში გრძელდება „ელჩების კონფერენცია 2018 – ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც შედგა კონფერენცია „რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.
კონფერენციაზე მომხსენებლებად წარსდგნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და მეზობელი და რეგიონის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განხილვის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა უსაფრთხოების და ფართო რეგიონული საკითხები, მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები, საქართველოს როლი მიმდინარე მოვლენებში და საქართველოს საელჩოების მუშაობის სპეციფიკა.
გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ჩვენი რეგიონის დიდ მნიშვნელობას და სტაბილურობის აუცილებლობას, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არამედ ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვისაც. გამომსვლელებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონები.
რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევების პანელში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გელა დუმბაძემ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზაქარაშვილმა. პანელს მოდერატორობას საგარეო უწყების პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია კობერიძე უწევდა.