„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში, აზია-წყნარი ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სამუშაო სესიები გაიმართა
„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში, აზია-წყნარი ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სამუშაო სესიები გაიმართა

21-23 დეკემბერს მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში თემატური პანელები გრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 დეკემბერს გაიმართა სესიები აზია-წყნარი ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს როგორც 2020 წლის მთავარ გამოწვევაზე, ახალ კორონავირუსზე, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყნებში გლობალური პანდემიის თანმდევ სირთულეებზე.

„ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების პერიოდში აღნიშნული რეგიონების ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ერთობლივ ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან როგორც პანდემიის საწყის ეტაპზე, აფეთქების კერებიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის კუთხით, ასევე სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის და აღჭურვილობის მოპოვების მიმართულებით.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობა. ამასთან, დიპლომატებმა ისაუბრეს აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში საქართველოს პოლიტიკური ხილვადობის კიდევ უფრო გაზრდისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერების ხელშეწყობის შესახებ და იმსჯელეს ამ მიმართულებით მთავარ პრიორიტეტებზე. ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.