„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში, აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების კუთხით მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში საქართველოს აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით 2020 წლის მიღწევებსა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპანელო დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს აშშ-ისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, მიმდინარე წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტი. აღინიშნა, 2020 წელს შენარჩუნებული და განმტკიცებული აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის არსებულ პერსპექტივებზე და პრიორიტეტებზე.