El Pais - გაფრთხილების მიუხედავად, კარლეს პუიჩდემონი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრა
ესპანეთის პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი აქვეყნებს.
პუიჩდემონმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე კატალონიის საკითხებზე დებატებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორც მოსალოდნელია, დისკუსია ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი.
კარლეს პუიჩდემონმა პირველად დატოვა ბელგია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში, რეფერენდუმის შემდეგ, ესპანეთიდან გადავიდა.
მანამდე, ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ კარლეს პუიჩდემონის დაპატიმრებას მოითხოვენ, იმ შემთხვევაში, თუ პუიჩდემონი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრებოდა.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, თუმცა დეკემბერში გააუქმა. როგორც პუიჩდემონის ადვოკატი აცხადებს, დანიაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების რისკი საკმაოდ მაღალია. თუმცა, მისი თქმით, სჯერა, რომ დანიის ხელისუფლება ესპანეთის მოთხოვნის შესრულებაზე უარს იტყვის.