ეკვადორში სახელისუფლებო შენობებთან კომენდანტის საათი დაწესდა
ეკვადორში სახელისუფლებო შენობებთან კომენდანტის საათი დაწესდა

ეკვადორში სახელისუფლებო შენობებთან კომენდანტის საათი გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და დროებით დაიკავეს სხდომათა დარბაზი.

არეულობა იყო ეკვადორის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში, სადაც ნიღბიანი მომიტინგეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა. დაჭრილია 19 მომიტინგე და 43 პოლიციელი.

მანამდე, დაგეგმილი აქციის გამო, ეკვადორის პრეზიდენტის განკარგულებით, მთავრობამ დროებით დატოვა დედაქალაქი.​ პრეზიდენტმა მორენომ მომხდარს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა, რომლის ორგანიზატორებს შორის დასახელდნენ ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორეა და ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო.

ეკვადორში საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების ზრდამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ, მთავრობის მიერ სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმების შედეგია.

დატოვე კომენტარი