ეკვადორის ნაკრებს ისევ ემუქრება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთა #1TVSPORT
ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ახალი დამამტკიცებელი მასალები ეკვადორის ნაკრების მცველის ბაირონ კასტილიოს ყალბი დაბადების მოწმობის შესახებ.
უფრო ადრე ეკვადორის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან ჩამოშორება ემუქრებოდა იმ ინფორმაციის მიხედვით, რომ კასტილიო კოლუმბიელია, ამიტომაც არ შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ეკვადორის ნაკრებში თამაში. მაგრამ, მოგვიანებით, გუნდი მაინც დაუშვეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
Daily Mail-მა გამოაქვეყნა ინტერვიუს ტექსტური ვერსია, რომელიც კასტილიომ ოთხი წლის წინ მისცა ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის კომისიას. მასში ფეხბურთელმა აღიარა, რომ დაიბადა არა 1998 წელს, როგორც ეს მის დაბადების მოწმობაშია მითითებული, არამედ 1995 წელს. გარდა ამისა, მოთამაშის სრული სახელი – ბაირონ ხავიერ კასტილიო სეგურა შეესაბამება მის კოლუმბიურ მოწმობას და არა იმას, რაც წერია ეკვადორულ დოკუმენტში – ბაირონ დევიდ კასტილიო სეგურა. ინტერვიუში ფეხბურთელი დაწვრილებით აღწერს თავის გამგზავრებას კოლუმბიის ქალაქ ტუმაკოდან სან-ლორენცოში (ეკვადორი) საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად და ასახელებს ეკვადორელი ბიზნესმენის სახელს, რომელიც ახალი დოკუმენტების გაფორმებაში ეხმარება. გაზეთი ვარაუდობს, რომ ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციამ დაუმალა ეს მონაცემები ფიფა-ს.