ეკვადორის დედაქალაქში მომიტინგეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ, პრეზიდენტმა კომენდანტის საათი გამოცხადა
ეკვადორის დედაქალაქში მომიტინგეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ, პრეზიდენტმა კომენდანტის საათი გამოცხადა

ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ დედაქალაქ კიტოსა და მის მიმდებარე რაიონებში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

„ჩვენ აღვადგენთ წესრიგს მთელ ეკვადორში. ჩვენ დავიწყებთ კიტოში კომენდანტის საათის დაწესებით. მე გავეცი განკარგულება, რომ შეიარღებული ძალების გაერთიანებულმა სარდლობამ მიიღოს ყველა საჭირო ნაბიჯები მთელ ეკვადორში წესრიგის აღსადგენად“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ლენინ მორენომ ასევე მადლობა გადაუხადა მკვიდრი მოსახლეობის ლიდერებს მოლაპარაკებებზე თანხმობისთვის. ამავე დროს, პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობაზე პასუხისმგებლობა რადიკალურ ჯგუფებს დააკისრა.

ეკვადორში საპროტესტო გამოსვლები უკვე ათ დღეზე მეტია, გრძელდება. დღეს დემონსტრანტების ნაწილმა გენერალური აუდიტის სამსახურის შენობა დაიკავა. ნიღბიანმა პირებმა შენობაში მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს, შემდეგ შიგნით შეიჭრნენ, ავეჯი დაამტვრიეს და დოკუმენტები გაანადგურეს. ამასთან, დემონსტრანტებს ბლოკირებული აქვთ კიტოს საერთაშორისო აეროპორტისკენ მისასვლელი გზა.

ეკვადორში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი რეფორმების გაუქმებას და პრეზიდენტ ლენინ მორენოს გადადგომას ითხოვენ.

აქციები ეკვადორში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საწვავის სუბსიდირების პროგრამა შეწყვიტა. ამას საწვავის ფასების ზრდა მოჰყვა.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კიტოში არაერთი შეტაკება მოხდა. დაკავებულია ასეულობით დემონსტრანტი.