ეკვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ინდივიდუალურ გარეულ ცხოველებს სამართლებრივი უფლებები მიანიჭეს — #1tvმეცნიერება
ეკვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ინდივიდუალურ გარეულ ცხოველებს სამართლებრივი უფლებები მიანიჭეს — #1tvმეცნიერება

მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვას ვერ ახერხებს, ეკვადორი მნიშვნელოვნად წინ წავიდა და ოფიციალურად აღიარა გარეულ ცხოველთა სამართლებრივი უფლებები, მათ შორის, არსებობის უფლება.

თებერვალში, ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნომრით 7-2, საკვანძო ეტაპი გახლდათ ამ ქვეყნის „ბუნების უფლებების“ საკონსტიტუციო კანონებში, რომლებიც ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის ამაღლებას ემსახურება.

„ამერიკის კონტინენტზე ბუნების უფლებები შეიძლება რადიკალურ იდეად ჟღერდეს, მაგრამ ხალხი ვერ აანალიზებს, რამდენად გავრცელებულია ის მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ცხოველთა უფლებების ექსპერტი კრისტენ სტილტი.

გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ხშირბეწვიანი მაიმუნის (Lagothrix), სახელად ესტრელიტას სამწუხარო შემთხვევა. სულ რაღაც ერთი თვის იყო, როცა ის ველურ ბუნებაში უკანონოდ დაიჭირეს, შემდეგი 18 წელიწადი კი ბიბლიოთეკარ ანა ბეატრის ბურბანო პროანიოს ოჯახში გაატარა. ამ დროის განმავლობაში, მან მათთან ჟესტებითა და ხმებით კომუნიკაცია ისწავლა, შეიძინა ოჯახის წეს-ჩვეულებებიც.

შემდეგ, ესტრელიტა ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოართვა და ზოოპარკში გადაიყვანა, მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში, მაიმუნს უცბად კარდიო-რესპირატორული გაჩერება დაემართა და დაიღუპა.

მაიმუნის სიკვდილამდე, ბურბანომ ესტრელიტას დაბრუნებისათვის ბრძოლა დაიწყო, მიზეზად მოჰყავდა ის ტანჯვა, რასაც სავარაუდოდ განიცდიდა ცხოველი, რომელიც უცბად მოსწყვიტეს მისთვის ყველაფერ ნაცნობს.

საქმე ეფუძნებოდა სამეცნიერო მტკიცებულებას ხშირბეწვიან მაიმუნთა კოგნიტური და სოციალური კომპლექსურობის შესახებ და ირწმუნებოდა, რომ „ესტრელიტას უნდა ჰქონდეს სულ მცირე სხეულის თავისუფლების უფლება“ და „გარემოსდაცვითმა სააგენტომ უნდა დაიცვას ესტრელიტას უფლებები, ზოოპარკში გადაყვანამდე კონკრეტულ გარემოებათა შეფასებით“.

სასამართლომ დაადგინა, რომ სამმართველოც და ბურბანოც ესტრელიტას უფლებებს არღვევდა; სამმართველო იმით, რომ მის გადაყვანამდე არ გაითვალისწინა სპეციალური საჭიროებები და ბურბანო იმით, რომ პირველად სწორედ მან მოსწყვიტა მაიმუნი ველურ ბუნებას.

სასამართლომ წამოაყენა ახალი კანონის შემუშავების იდეა, რათა ეს უფლებები მომავალში უკეთესად იყოს დაცული.

„გარეულ ცხოველთა მოშინაურება და ჰუმანიზაცია არის ფენომენი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკოსისტემების შენარჩუნებაზე და ბუნების ბალანსზე, რადგან ისინი ცხოველთა პოპულაციების პროგრესულ შემცირებას იწვევენ“, — წერს სასამართლო გადაწყვეტილებაში.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შარშან ეკვადორში გამოტანილი კიდევ ერთი საეტაპო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაცულ, ნისლიან ტყეებში მოპოვებითი საქმიანობა ბუნების უფლებებს არღვევს.

2008 წელს ეკვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბუნების უფლებები კონსტიტუციურ დონეზე ცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ ბუნების უფლებები კონსტიტუციით დაიცვეს, ამ ბოლო გადაწყვეტილებამდე უცნობი იყო, ისარგებლებდნენ თუ არა ცალკეული ცხოველები ბუნების უფლებებიდან და განიხილებოდნენ თუ არა უფლებათა მფლობელები, როგორც ბუნების ნაწილნი. სასამართლომ ბრძანა, რომ ცხოველებს უფლებები აქვთ, რასაც ბუნების უფლებები იცავს“, — ამბობს ეკვადორელი გარემოსდაცვითი იურისტი უგო ეჩევერია.

ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის მაგალითად, ახალი ზელანდია და კანადა, ასევე აშშ-ის ზოგიერთი ქალაქი, აქვთ ხელშეკრულებები, ვალდებულებები ან ადგილობრივი კანონები, რომლების გარეულ ცხოველებს ასეთივე დაცვის ქვეშ აქცევს. თუმცა, ამ ქვეყნებს ასეთი უფლებები ჯერ კონსტიტუციურ დონეზე არ აქვთ აყვანილი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი ბუნების დაცვის მცდელობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც კი არის.

სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელს ხდის, რომ ეს უფლებები არსებობს და ვითარდება, მაგრამ თავსდება ეკოლოგიურ პროცესთა კონტექსტში, რომელიც მოიცავს ბიოლოგიურ ურთიერთქმედებებს სახეობებს შორის, მაგალითად, მტაცებლობას. ისინი ცხოველებს ადამიანებთან არ ათანაბრებს, მაგრამ მაინც ანიჭებს თავისუფლად ყოფნის უფლებას ეკოლოგიურ ურთიერთქმედებათა კონტექსტში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნადირობა, თევზაობა, შემგროვებლობა და სატყეო მეურნეობა ჯერ კიდევ ნებადართულია, თუკი ისინი უკვე არსებულ კანონებს ემორჩილება, მაგალითად, არ არღვევს საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა აქტებს და ხორციელდება მინიმალური ტანჯვის გზით.

კლიმატის კრიზისი და მეექვსე მასობრივი გადაშენება ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, თავის მხრივ კი ჩვენს ქმედებებთან იმ სიცოცხლის მიმართ, რომლებთანაც პლანეტა გვაქვს საერთო.

შესაბამისად, მსოფლიოში, სადაც გარემო პირობების გაუარესება პირადად გვეხება მრავალ ჩვენგანს, ასეთი კანონები დაგვეხმარება როგორც ინდივიდებს, ისე საზოგადოებას, რომ გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი, ისეთი, რომელიც ყველა ჩვენგანს გვარგებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ ენებზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.