„ეკონომისტი“ - ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება ომის გადამწყვეტი ეტაპია, ზელენსკი რისკავს შეცდომის დაშვებას
ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება ომის გადამწყვეტი ეტაპია, ზელენსკი რისკავს შეცდომის დაშვებას, – ამის შესახებ აღნიშნულია „ეკონომისტის“ სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ზალუჟნის დააკისრა პასუხისმგებლობა გასულ ზაფხულს კონტრშეტევის წარუმატებლობაზე. მათ სურდათ, არმია მოემზადებინათ ახალი თავდასხმებისთვის და მოითხოვეს საბრძოლო გეგმების შემუშავება, დამატებითი ჯარების მობილიზების ტვირთის აღება. „ეკონომისტის“ ცნობით, ზალუჟნი არ დათანხმდა ზელენსკის პირობებს და მიიჩნევდა, რომ პირველი თავდასხმის წარუმატებლობის შემდეგ მისმა სიფრთხილემ განაპირობა ის, რომ შეძლო, გადაერჩინა სასიცოცხლო მნიშვნელობის ჯარები, აღჭურვილობა.
გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ამტკიცებდა, რომ არ შეეძლო შემდეგი კონტრშეტევის დაგეგმვა, რადგან არ იცოდა, რა რესურსი ჰქონდა მას ხელთ. მეტიც, ზალუჟნიმ წინააღმდეგობა გაუწია მობილიზაციას.
„ეკონომისტი“ წერს, რომ ზელენსკისთვის ერთ-ერთი რისკი იქნება ჯარში გაჩენილი უკმაყოფილება საყვარელი მეთაურის გათავისუფლების გამო.
„გენერალ სირსკის აქვს რეპუტაცია, რომ მზად არის მტერთან ბრძოლისთვის მაშინაც კი, თუ ადამიანებისა და ტექნიკის საფასური მაღალია. ის გამყოფი ფიგურაა, რომელიც ოფიცრების მძაფრ რეაქციას იწვევს. ზოგი აფასებს მის პროფესიონალიზმს, ზოგი ამბობს, რომ აშინებს ქვეშევრდომებს და შიშით მართავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს თავისი პრეზიდენტის პრიორიტეტებს. რაიმე სრულიად მოულოდნელად თუ არ შეიცვლება, ტერიტორიით განსაზღვრული ომი არის ომი, რომელსაც უკრაინა ვერ მოიგებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის არმიის მეთაურის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაური ალექსანდრე სირსკი დანიშნა.