ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის პირველ ნოემბრამდე შეიზღუდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს.
აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის გამოც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის პირველ ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზე.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.