ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ინტელექტუალური მომსახურების სექტორია
საქართველოს კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო დონეზე ინტელექტუალური მომსახურების სექტორია, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალ პროექტი „ქართული ბიზნესი უფრო ახლოს ევროპასთან“ განიხილეს. სამწლიანი პროექტი ქართული მომსახურების სექტორის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციას და ინტეგრაციას ისახავს მიზნად. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.3 მილიონი აშშ დოლარია და მისი სამიზნე ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება. პროექტის განხორციელებას „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“ უზრუნველყოფს და მასში საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იქნება ჩართული.
ევგენიძის განმარტებით, ორწლიანი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მთავარი კონკურენტუნარიანობა ინტელექტუალური პროდუქტისა და მომსახურების წარმოებაში მდგომარეობს. ამიტომ პირველ ეტაპზე პროექტის სამიზნე სფეროებად სამი მიმართულება შეირჩა: ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიები; ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის კომპანიები. აღნიშნული სფეროს კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ბენეფიციარების შესარჩევ კონკურსში, რომელიც პირველ მაისს დაიწყო და პირველ ივნისს დასრულდება.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში ვართ და იმაზე მოქნილები და მომზადებული უნდა შევხვდეთ ამ ეპოქას, ვიდრე მოცემულ მომენტში ვართ. ამიტომაც ინტელექტუალური ბიზნესებსა და მომსახურებაში დავინახეთ ის პოტენციალი, სადაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე შეუძლია კონკურენტული უპირატესობა ჰქონდეს. შესაბმისად, გამოვლინდა ეს პირველი სამი მიმართულება – ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ბიზნეს-კონსალტინგი. კვლევების შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ უახლოესი წლების განმვალობაში სწორედ მომსახურების სექტორს აქვს ის პოტენციალი, რაც საქართველოში საშუალო ფენის შექმნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ევგენიძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნულ სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების გამოცდილება აჩვენებს, რომ მათ ხშირად მხოლოდ ტექნიკური რესურსი არ ჰყოფნით, რათა დამოუკიდებლად წარდგნენ ევროპის ბაზარზე. შვედეთის მთავრობის მხარადჭერით დაწყებული ახალი პროგრამა სწორედ ცოდნისა და ტექნიკური დახმარების გადაცემით წაახალისებს სექტორს.
„არის შემთხვევები, როცა შეიძლება ქართულ კომპანიას სურს ევროპის ბაზარზე შესყიდვებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არ აქვს სპეციალური ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პროგრამა, რაც შვიდი ათასი ევრო ღირს. ამიტომ მათ სხვა ევროპული კომპანიის ქოლგის ქვეშ უწევთ მონაწილეობის მიღება და არ ჩანან, როგორც ქართული კომპანიები. მთელი ეს პროგრამა მორგებული იქნება ასეთი კომპანიების საჭიროებებზე და იმის დასაბუთებაზე, თუ როგორ დაეხმარება ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნა და გამოცდილება, რომ ქართული ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია და ვეროპის ბაზრებთან დაახლოება მოხდეს“, – განაცხადა ევგენიძემ.