ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დაასახელა
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დაასახელა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო, – ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი.

როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სამიტის მოდერატორმა, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ანდრეას შლაიხერმა მიხეილ ჩხენკელის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე და „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. „მაიკროსოფტის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს ანდრეას შლაიხერს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა“, – ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.