ეკონომიკური დესპანების ინსტიტუტი შესაძლოა, მომავალი წლიდან ამოქმედდეს
ეკონომიკური დესპანების ინსტიტუტი შესაძლოა, მომავალი წლიდან ამოქმედდეს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სოფო ქაცარავა დაინტერესდა, ეკონომიკური დესპანების ინსტიტუტი ამ დრომდე რატომ არ ამოქმედდა, თუ მისი შექმნა საჭიროა.
ქაცარავას კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, კონკურსის შედეგად, სამი ეკონომიკური დესპანია შერჩეული, რომელთაც საკონკურსო პირობები დააკმაყოფილეს.
მისი თქმით, საქართველოდან ცხრა ეკონომიკური დესპანის გაგზავნა იგეგმებოდა, თუმცა ვინაიდან შერჩეულია სამი ეკონომიკური დესპანი, ისინი საქმიანობას აშშ-ში, ბელგიასა და ჩინეთში დაიწყებენ.
მიხეილ ნინუა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, ეკონომიკური დესპანები აღნიშნულ ქვეყნებში საქმიანობას როდის დაიწყებენ, მაგრამ ამბობს, რომ ინსტიტუტის ამოქმედება შესაძლებელია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით.