ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმება დაიწყეს
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმება დაიწყეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინვაჭრობაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

სამინისტროს განმარტავს, რომ შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებული იქნებიან, დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით დადგენილი რეკომენდაციები და მოთხოვნები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ.

„უახლოესი დღეები კონცენტრირებული ვიქნებით ონლაინვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმებით, ვინაიდან როგორც კი დაიწყება საგანგებო შეზღუდვების შერბილება, ონლაინ ვაჭრობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს. შესაბამისად, გვინდა, რომ კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ფუნქციონირების დაწყების უფლებას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას პასუხობენ კომპანიები, რომლებიც ზოგადად სპეციალიზდება ონლაინ ვაჭრობაზე ან ვინც ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ახლა გადაეწყო ონლაინ ვაჭრობაზე და ადგილზე მიტანის სერვისზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად აგრძელებს კომპანიების შემოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამ მიზნით, უახლოეს ერთ კვირაში ჯამში 450 ობიექტი შემოწმდება, რომელთა შორის ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი ობიექტებიც არიან.