ეკონომიკის სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება
2024 წლის სექტემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. Ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და, შესაბამისად, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე, ისინი, ვისაც 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დასრულებული აქვთ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური.
„სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქვეუწყებო ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 181 მოქალაქე შემდეგი მიმართულებით. კერძოდ: სამართალი – 40 პოზიციაზე; ეკონომიკა – 25 პოზიციაზე; ბიზნესადმინისტრირება – 17 პოზიციაზე; მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა – 10 პოზიციაზე; გეოლოგია/კარტოგრაფია – 10 პოზიციაზე; ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი – 14 პოზიციაზე; ენერგეტიკა – შვიდ პოზიციაზე; ფინანსები/აუდიტი – რვა პოზიციაზე; საერთაშორისო ურთიერთობები – ექვს პოზიციაზე; საჯარო მმართველობა – ხუთ პოზიციაზე; ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები – ხუთ პოზიციაზე; კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – ოთხ პოზიციაზე; ტრანსპორტი/ლოგისტიკა – ხუთ პოზიციაზე; საზღვაო ნავიგაცია შტურმანის, მექანიკოსის, სანავიგაციო უსაფრთხოების სპეციალისტის/სინოპტიკოსის მიმართულებით – ხუთ პოზიციაზე; მარკეტინგის მიმართულება – ოთხ პოზიციაზე; ტურიზმის მიმართულება – სამ პოზიციაზე; სოციალური მეცნიერებები – ორ პოზიციაზე; პროგრამირება/IT სპეციალისტი – ორ პოზიციაზე; ფსიქოლოგია – ერთ პოზიციაზე; სხვა ნებისმიერი უმაღლესი განათლების მიმართულებით – 10 პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, www.hr.gov.ge-ის მეშვეობით. კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შედეგების შესაბამისად, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი კომისია. იხილეთ ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ასევე, გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, ვისაც გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსი. ამ პროგრამით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირებას გაივლის ექვსი პირი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.