ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტას დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომლითაც სოციალურ დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მომსახურებას გაუწევენ 
ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტას დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომლითაც სოციალურ დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მომსახურებას გაუწევენ 

ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურ დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეუძლებელია, რომ ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს.

„ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. უნდა გვესმოდეს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. უკლებლივ ყველა უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურ დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ჩვენ ფაქტობრივად ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ყველანი მზად უნდა ვიყოთ, მთავრობა, ასევე შესაბამისი სამინისტროები, ასევე ჩვენი მოქალაქეები. რაც მთავარია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ რეკომენდაციები, რომელიც გაიცემა მთავრობის მიერ, არის სავალდებულო შესასრულებლად, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ყველა ერთად გავუმკლავდეთ ამ გლობალურ გამოწვევას და არ არის პანიკის საფუძველი. როგორც იმპორტირებისა და შეჩერების ეტაპზე ეფექტურად ვიმოქმედეთ, იგივენაირად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გავრცელების ეტაპზეც შესაბამისი პასუხი გავცეთ იმ გამოწვევებს, რომელიც იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.