ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმებული 264 კომპანიიდან ჯანდაცვის გაიდლაინები 224-მა დააკმაყოფილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6–14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა.
ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79-მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 კომპანიაში გაიდლაინებს სრულად ასრულებენ. გარდა ამისა, შემოწმდა 14 კომპანია, რომელიც ამჟამად საქმიანობას არ ეწევა.
საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებისგან სულ შემოწმდა 101 კომპანია. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია – ვერ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება 14 აპრილის სტატისტიკას, ორი საჯარო უწყების მიერ 40 კომპანიის 41 ობიექტი გადამოწმდა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისობასთან. აქედან: შემოწმდა 30 ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, საიდანაც ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობის მოთხოვნები დააკმაყოფილა 27 კომპანიამ. ასევე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სულ შემოწმდა 9 კომპანია, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით მიმართა, მათგან რვა კომპანიამ გაიდლაინები დააკმაყოფილა, დანარჩენმა კი – ვერ დააკმაყოფილეს.