ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა, ადინა ვალეანმა ბრიუსელში მიმდინარე ინვესტორთა ფორუმზე შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ადინა ვალეანმა, ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა.
ადინა ვალეანის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ამ თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გაკეთდა.
„ძალიან საყურადღებოა პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც საქართველომ ევროპულ ოჯახთან შეერთების გზაზე გააჟღერა – პრაგმატული მიდგომა იმის შესახებ, თუ რა რეალური საინვესტიციო საჭიროებაა შუა დერეფანში, სადაც საქართველოს საკმაოდ მნიშნელოვანი როლი ენიჭება. საზღვაო კავშირს შავი ზღვის გავლით ევროპისკენ უდიდესი დატვირთვა აქვს საქართველოსთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციებს და მხარდაჭერას, რათა ეს კავშირი უფრო მეტად განვითარდეს“, – აღნიშნა ადინა ვალეანმა.
მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმი ინიციატივა „გლობალური კარიბჭის“ ფარგლებში, ევროკავშირის ორგანიზებით ტარდება და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს განიხილავს. ფორუმზე განიხილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) 2023 წლის კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) ამ კუთხით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად შეფასდა.