ეკონომიკის სამინისტრო - ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა შეჩერდა, ექსპერტების დასკვნებამდე შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა
ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა შეჩერდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების განმარტებით, ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები.
„განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ:
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი;
„ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს;
შეიქმნება „ნამახვანჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.