ეკონომიკის სამინისტრო - ვიმედოვნებთ, ენერგეტიკული ბირჟა ამუშავდება და უფრო მეტი დაინტერესებული პირი ჩაერთვება
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ პირველ ივლისს გახსნილი ენერგეტიკული ბირჟა სრულფასოვნად ამუშავდება.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის, დიდი ხანია, მზად იყო და, პირველ რიგში, მიზანი არის, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით მიმართოს ბირჟას.
კითხვაზე, რატომ არ შედგა ვაჭრობა ბირჟაზე ამოქმედების პირველ დღეებში, ჯუბო ტურაშვილმა განმარტა, რომ ბირჟის კონცეფცია ნებაყოფლობით ვაჭრობას გულისხმობს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მზად, გაგვეხსნა ენერგეტიკული ბირჟა. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. მიზანია, პირველ რიგში, თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით მიმართოს ბირჟას, თავად დაგეგმოს, როგორ განკარგოს საკუთარი გამომუშავებული ენერგიის რეალიზაცია. მოგეხსენებათ, ბირჟის პირველი ნაბიჯები ემსახურება სწორედ იმას, საბოლოოდ მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რასაც ბირჟის სრული ამოქმედება ჰქვია. რაც შეეხება ვაჭრობას, გამომდინარე იქედან, რომ ბირჟის კონცეფცია გულისხმობს ნებაყოფლობით ვაჭრობას, ჩვენ პირველ დღეებში გვაქვს მსგავსი გამოხატულება, თუმცა, ვიმედოვნებთ – და ასეც იქნება – რომ ბირჟა ამუშავდება და, საბოლოო ჯამში, მეტი დაინტერესებული პირი ჩაერთვება“, – განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა, რაც მყიდველებისა და გამყიდველების ფასებს შორის განსხვავებამ განაპირობა.