ეკონომიკის სამინისტრო - სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესია იმ პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც ფონდის მისიამ გასული ვიზიტისას გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში და ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები. სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესია იმ პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც ფონდის მისიამ გასული ვიზიტისას გააკეთა.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას ეფუძნება. ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ სტრუქტურულ რეფორმებს“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად არის ჩამოსული.
ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.