ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლას უარყოფს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლას უარყოფს.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით.
გურამიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გემი, გემის მფლობელი, ან ტვირთი სანქციების სიაშია, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
„ბოლო დროს გახშირდა ფაქტები, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია გადის მედიაში და ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ამიტომ მინდა, გავაკეთო განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს კონკრეტულად დღევანდელ შემთხვევას. გავრცელდა გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში. საკითხი ეხება კონკრეტულ გემს – ატაკამას. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ შემოწმებულია სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი), რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან. აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს, საღუზე წერტილში მცურავი საშუალების გამოყენებით. რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. გემი „ატაკამა“ ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს“, – აღნიშნა გურამიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ევროკავშირში კრძალავს 2022 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო მსუბუქ ნავთობპროდუქტებს 2023 წლის 5 თებერვლიდან.
გურამიშვილის განცხადებით, ბულგარეთს საზღვაო გზებით 2024 წლის ბოლომდე შეეძლება, განაგრძოს საზღვაო ტრანსპორტით ენერგომატარებლების შეტანა, ხოლო ხორვატიას 2023 წლის ბოლომდე მიეცემა საშუალება, მოახდინოს მსუბუქი ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის სანქციები არ ეხება მილსადენით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, რაც ნავთობპროდუქტების ალტერნატიული ტრანსპორტირების სახეა.