სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან.

ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომლის დროსაც სასწავლებლის სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა სტაჟირების დეტალები გააცნო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში თამარ ლომინაძე, სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის ხელმძღვანელები და სტუდენტები, რომლებმაც პროგრამის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემის შემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილად არის დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მდგრადი სისტემის შენარჩუნება და განვითარება პროფილურ უმაღლეს სკოლებთან საქართველოში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ურთიერთობით გაიზარდოს ახალი თაობა, რომლებიც მომდევნო ათწლეულებში შეძლებენ ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობის შენარჩუნებას. მემორანდუმი სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ამ მიზნის მატარებელია“, – აღნიშნა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

„ვფიქრობ, ეს პროგრამა სტუდენტებისთვის იქნება მოტივაციის მიმცემი, მოიპოვონ ამ შესაძლებლობით სარგებლობის უფლება, უკვე სწავლის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება და უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ დარგში მივიდნენ როგორც უკვე გამოცდილების მქონე პროფესიონალები“, – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ, უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ასევე სხვა პროფილის სტუდენტების სტაჟირებასაც. სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების გავლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალში სამინისტროსთან მემორანდუმის ხელმომწერ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიმართება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.