ეკონომიკის სამინისტრო - ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საჯარო აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში შესაძლებობა აქვს, აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) სესხის გადაყოლის შესახებ.
„თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია, მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ გამყიდველების მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე შეძენის ფასის ჩარიცხვა“, – აცხადებენ სამინისტროში.
ქარის ელექტროსადგურის 100-პროცენტიანი წილის გასხვისების აუქციონი დღეს გაიმართა. „კავკასიის ქარის კომპანია“, რომელის სს „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელობაშია, ობიექტში 14.4 მილიონ დოლარს გადაიხდის.