ეკონომიკის სამინისტრო მობილური ინტერნეტის ტარიფების ზრდაზე „მაგთიკომის“ არგუმენტებს არ ეთანხმება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ მოტანილ არგუმენტებს, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვეს ინფორმაცია, თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში.
„შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვრიდან კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ძვირდება მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი, მათ შორის მობილურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ხელშეწყობის მიზნით.
პერმანენტულად მცირდებოდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი.
საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გადაიდგა რიგი ნაბიჯები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას გაზრდისა და საცალო ტარიფების კლების ხელშესაწყობად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ მოტანილ არგუმენტებს, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს. სწორედ აღნიშნულის გარკვევის მიზნით, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში მოყვანილ მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
კომპანია „მაგთიკომმა“ მობილური ინტერნეტის გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფასის ზრდა სხვადსხვა გარემოებამ გამოიწვია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კი აღნიშნა, რომ „მაგთის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება.