ეკონომიკის სამინისტრო - ლევან კობერიძემ სამინისტროსგან მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებების შესახებ
ეკონომიკის სამინისტრო - ლევან კობერიძემ სამინისტროსგან მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებების შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ  საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის მიერ კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ივლისს ლევან კობერიძემ უწყებისგან გამოითხოვა ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ.

„სადეპუტატო შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადეს სათანადო ინფორმაცია. ლევან კობერიძემ სამინისტროდან მიიღო როგორც სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე დამატებით მას გადაეგზავნა პასუხი სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოდან.

სამწუხაროდ, ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დამახინჯებულად წარმოაჩენს სამინისტროს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების, ახალი მექანიზმების განვითარებასა და პროექტების განხორციელებას, მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინსებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ასევე განახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცნოს ლევან კობერიძის შემხვედრ, განსხვავებულ ხედვებს და რეკომენდაციებს ტურიზმის სექტორში 20 ივნისის მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად.

სამინისტრო დამატებით უთითებს ლევან კობერიძისთვის გაგზავნილი პასუხის ბმულს.

დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარაბენ, თუ ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულ დროში არ წარუდგენს გაწერილ გეგმას. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე”.