ეკონომიკის სამინისტრო - კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს
კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს, – ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ზემოთაღნიშნულ კონკურსში და ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს.
განვმარტავთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური). აღნიშნულ კონსორციუმსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე ეკონომიკის სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიზებული კამპანია, მათ შორის, კონკრეტული მედიასაშუალებების ჩართულობით“, – განამარტავენ უწყებაში.