ეკონომიკის სამინისტრო - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულამ ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა, ქვეყანა რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა
ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (Heritage Foundation) „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი – 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, საქართველო ევროპის რეგიონში ორი პოზიციით დაწინაურდა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.
ამასთან, საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).
ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ 2020 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი ოთხი მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. თავის მხრივ, აღნიშნული მიმართულებები 12 კომპონენტს მოიცავს.
„აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა ხუთი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცედენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა. კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და Trace Matrix რეიტინგს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში კორუფციის არარსებობის აღიარებას და მთავრობის ეფექტიანობას.
სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო სამი წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია, ყატარი, ლატვია, სომხეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა და სხვა.
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს შთამბეჭდავ შვიდწლიან ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ყველა ასპექტში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, რეიტინგში პოზიტიურად ფასდება ის ქმედებები, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად იქნა გადადგმული.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).