ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს 100 ობიექტს შესთავაზებს საპრივატიზებოდ
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს 100 ობიექტს შესთავაზებს საპრივატიზებოდ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ დღეს პრეზენტაციას გამართავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე.

„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. საუბარია ჯამში 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.

„აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე, წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ერთადერთი, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე, მინისტრის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო შეთავაზება და ძალიან ფართო არჩევანი ბიზნესისთვის, თუ  სად და როგორ შეიძლება დააბანდონ ინვესტიცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ამასთან, როგორც თურნავამ განმარტა, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.

2019 წლის ნოემბრის ბოლოდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებს იწყებს, რომლის მიზნებსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამისთვის სააგენტო ბიზნესს 100 საინვესტიციო შეთავაზებას წარუდგენს, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარება.