ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ „ნამახვანიჰესის“ პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება
ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ  „ნამახვანიჰესის“  პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება

ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი. სამინისტრო საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას და სხვ.

„ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ეკონომიკის განვითარების პარალელურად, იზრდება ენერგომოხმარებაც – ოფიციალური სტატისტიკით, ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება დაახლოებით 4,5 პროცენტით მატულობს.

ბოლო წლებში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამურად 800 მგვტ. სიმძლავრეები, მაგრამ  ეს არ არის საკმარისი. საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყნიდან, იმპორტიორად იქცა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელება ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

საქართველო არ არის მდიდარი ნახშირწყალბადებით. ამდენად, ჩვენთვის არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია ჰიდრორესურსების ოპტიმალური გამოყენება. მით უფრო, რომ საქართველო მდიდარია თავისი ჰიდრორესურსებით. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ტექნიკურად განხორციელებადი ჰიდრო რესურსი 90 მლრდ. კილოვატ-საათია წელიწადში,. ხოლო ეკონომიკურად გამართლებული – 50 მლრდ. კილოვატ-საათი, ჩვენ ამ მაჩვენებლის მხოლოდ 20-22 პროცენტი გვაქვს ათვისებული.

ამდენად, ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის  შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას.

ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა განიხილავს ათობით მსხვილი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს, რისთვისაც მოზიდულ უნდა იქნას საერთაშორისო ინვესტიციები. ნამახვანის ჰესების კასკადი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხის დარეგულირების კუთხით. ყველა პროექტი, მათ შორის, ნამახვანიც განხორციელდება ისე, რომ პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ენერგორესურსების ეფექტურად ათვისების მიმართულებით.

ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას და სხვ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მუშაობა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა შედეგად მივიღოთ ობიექტი, რომელიც ერთიანად ხელსაყრელი იქნება მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში.