ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი - 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული
2020 წელს ევროზონის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ 19 ქვეყნის საერთო სავალუტო სივრცე მიმდინარე წელს 8,7 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 6,1 პროცენტით გაიზრდება.
მაისის დასაწყისში ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ევროზონის ვარდნას 7,7 პროცენტით პროგნოზირებდა, აღდგენას კი 6,3 პროცენტით.
ევროკომისრის განცხადებით, წინა პროგნოზები უნდა გადახედოს, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჩაკეტვის ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს წინასწარ იყო პროგნოზირებული.
ევროკავშირის ლიდერები შემდეგ კვირაში კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრის პაკეტზე შეთანხმების მიზნით შეხვდებიან.