ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება იყო საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება იყო საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება

სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, მედიასთან ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

გენადი არველაძემ განმარტა ის ძირითადი მოთხოვნები, რომლის დაცვაც სავალდებულო ხდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების როგორც იმპორტის, ისე ბაზარზე განთავსების დროს.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოების უსაფრთხოებას, შესაბამისად, არის დადგენილი სტანდარტი და ამის მიხედვით ტექნიკური მოთხოვნები – სათამაშოების როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შემადგენლობის მახასიათებლები.

„სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტზე ჩვენ წლებია, ვმუშაობთ. ეს იყო, ერთი მხრივ, დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, რადგან არ არსებობდა სათამაშოების კონტროლის სისტემა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულება  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში. ამ რეგლამენტის სამზადისში ჩართულები იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები, ამის შემდეგ უკვე კერძო სექტორთან გვქონდა არაერთი შეხვედრა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში – დაახლოებით 150-ზე მეტ იმპორტიორსა და სათამაშოების მწარმოებელს შევხვდი, გავიარეთ მათთან კონსულტაცია, მივაწოდეთ ინფორმაცია რეგულაციის შესახებ და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სათამაშოს თან უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ტექნიკურ რეგლამენტთან მის შესაბამისობას. მისი თქმით, ეს საბუთი უნდა იქნეს წარმოდგენილი იმპორტის განხორციელების დროს, რაც აუცილებელი პირობაა, ასევე მოხდება ეჭვის შეტანის შემთხვევაში პროდუქტის ლაბორატორიული გადამოწმება ზედამხედველობის სააგენტოს მიერ.

„ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უკვე ახორციელებს სხვადასხვა პროდუქტებზე ზედამხედველობას, მათ შორის არის სამშენებლო პროდუქცია. შესაბამისად, ჩვენ გვყავს მომზადებული სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, მათ შორის, სათამაშოზე ზედამხედველობას“, – აღნიშნა არველაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ და სად მოხდება, ეჭვის შემთხვევაში, სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე, სანამ კერძო ლაბორატორია შეიქმნება საქართველოში, სააგენტოს მოუწევს პროდუქტის გაგზავნა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში,  სადაც ევროპაში აკრედიტებული ლაბორატორიები იქნება. „იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ არსებობდა რეგულაცია, არ იყო მოთხოვნაც ლაბორატორიაზე, ამიტომ, რახან გაჩნდა მოთხოვნა, იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორი დაინტერესდება და შეიქმნება ლაბორატორია საქართველოში“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო მეორადი სათამაშოების ზედამხედველობას.

„გვყავს მეორადი სათამაშოების ხუთი ძირითადი იმპორტიორი, რომლებთანაც გვქონდა კონსულტაციები. ისინი აცხადებდნენ, რომ ვერ წარმოადგენდნენ ვერანაირ საბუთს, რაც პრობლემაა, რადგან, თუ მიკვლევადობა არ მოხდა მწარმოებლის შესახებ, იმ ქვეყნის შესახებ, სადაც იწარმოა ეს პროდუქტი და არ მოხდა იდენტიფიცირება, ვერ დავუშვებთ და ვერ მოვახდენთ ზედამხედველობის აღსრულებას, იმდენად შერეული და ბევრი სახეობის სათამაშოს იმპორტი ხდება“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს – კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.