ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ანგელა მერკელის ვიზიტი ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ანგელა მერკელის ვიზიტი ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი  მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა პირველ არხს განაცხადა.

გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრები იგეგმება, რომელშიც ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგიდა.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაზე ქართული მხარე სტუმრებს  საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს დაწვრილებით გააცნობს.

„ანგელა მერკელის ვიზიტი გარდა მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობისა, ასევე არის ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულების კუთხითაც. საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მათ შორის, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთვაჭრობა და განსაკუთრებით ქართული ექსპორტი იზრდება. ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში გასული პროდუქციის 36 პროცენტიანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან, როგორც ეკონომიკური მიმართულებით სახელმწიფო უწყების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

„ჩვენი სურვილია, კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ქართული კომპანიების შესაძლებლობები გერმანულ მხარეს. გვექნება მრგვალი მაგიდა, სადაც დეტალურად განვიხილავთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და გავაცნობთ მათ მიმდინარე რეფორმებს, სამომავლო გეგმებს და გვექნება დიალოგის რეჟიმში მათთან კომუნიკაცია” – განუცხადა პირველ არხს გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მისი თქმით, დელეგაციაში არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებსაც უკვე აქვთ საქართველოში ბიზნესის წარმოების გამოცდილება.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს Deutsche Bahn-ი, რომელიც „საქართველოს რკინიგზასთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. ისინი ავითარებენ ერთობლივად ახალი მარშრუტების და ახალი პროექტების განხორციელების დაწყებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დამატებითი ტვირთების მოზიდვას” – განმარტა პირველ არხთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ხვალ მოეწერება ხელი ოფიციალურ დოკუმენტს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით 2022 წელს აშენდება.