ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების გასაკონტროლებლად ახალი რეგულაციების შექმნაა საჭირო
საჭიროა დამატებითი რეგულაციების და მექანიზმების შექმნა, რომლებიც მეტად გააკონტროლებს სახელმწიფოს ხარჯებს და მათ მიზნობრიობას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიო დომენტესთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანდაცვის მინისტრმა სილვიუ დომენტეს გააცნო მისი ხედვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შესახებ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რაც სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გაატარა დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლისთვის, თუმცა მინისტრის შეფასებით, საჭიროა დამატებითი რეგულაციების და მექანიზმების შექმნა, რომლებიც მეტად გააკონტროლებს სახელმწიფოს ხარჯებს და მათ მიზნობრიობას.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის აუცილებელი, როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის. სწორედ ამ რგოლიდან უნდა იწყებოდეს ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომა. ამავდროულად უნდა გავაუმჯობესოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სერვისების ხარისხი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ასევე გააცნო ინოვაციური ინიციატივა ტელემედიცინის დანერგვის შესახებ, რისი პილოტირება უკვე დაწყებულია იმერეთში. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის მკურნალობის პროცესს და მის უწყვეტობას.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხია. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ზუსტად გამოიკვეთოს ის მიზეზები, რის გამოც მედიკამენტებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები არის მაღალი და მოხდეს ამ ფაქტორებზე რეაგირება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მინისტრის ხედვები სრულ თანხვედრაშია როგორც პირადად მის შეხედულებებთან, ასევე იმ საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან, რომლითაც გლობალურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ქვეყნები. სილვიუ დომენტემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.