აჭარასა და გურიაში ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებები გატარდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარასა და გურიაში ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებები გატარდება.
მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომლებიც ზღვაზე ისვენებენ, გარკვეული ტესტირების საშუალებები ხელმისაწვდომი იქნება და ამისთვის სათანადო პირობები შეიქმნება.
„ეპიდსიტუაცია საყურადღებოა იმ კუთხით, რომ დღესდღეობით გვაქვს კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის ნაკადი არის ზღვისპირეთში. ეს მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, შემდეგში უკვე აჭარა და გურია არ მოხვდეს იმ ჩამონათვალში, სადაც ჩვენ მოგვიწევს რეგიონის სრული ჩაკეტვა.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, რაც აისახება იმაში, რომ ჩვენ სავალდებულო ტესტირებას ჩავუტარებთ ყველა იმ თანამშრომელს, სადაც არის ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი. ასევე, შევქმნით და უზრუნველვყოფთ პირობებს, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისვენებენ ზღვაზე, ექნებათ ხელმისაწვდომი გარკვეული ტესტირების საშუალებები და ამისთვის შევქმნით დამატებით ლოკაციებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.