ეკატერინე ტიკარაძემ ბრიტანეთის ელჩთან ისაუბრა პროექტზე, რომლითაც დიპლომატების ოჯახები ვაქცინაციას დაექვემდებარებიან იმავე წესით, რითაც ხდება საქართველოს მოქალაქეთა აცრები
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტიკარაძემ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.
„საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. ისაუბრეს ვაქცინაციის დანერგვის გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლის თანახმადაც, გეგმას ცალკე კატეგორიად დაემატება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციას დაექვემდებარებიან იმავე წესით (პრიორიტეტული ნუსხის შესაბამისად), რა წესითაც ხდება საქართველოს მოქალაქეთა ვაქცინაცია.
დიპლომატმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ელჩის მოადგილე კლერ ალბლესი ესწრებოდნენ.